Abstract

განწყობის ფსიქოლოგიის ექსპერიმენტული მეთოდის შექმნიდან რამდენიმე ათეული წელია გასული, მიუხედავად ამისა, თანამედროვე სამედიცინო ფსიქოლოგიურ და ფსიქოფიზიოლოგიურ კვლევებში მის მიმართ ინტერესი კვლავაც რჩება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მკვლევრები იყენებენ მას „უზნაძის ეფექტის“ სახელწოდებით. განწყობის ფსიქოლოგიის წარმომადგენელ ქართველ მეცნიერთა კვლევების უმრავლესობისგან განსხვავებით უცხოელი კოლეგების ექსპერიმენტები ჩატარებულია თანამედროვე დახვეწილი ტექნოლოგიებითა და სტატისტიკური მეთოდების გამოყენებით. ამიტომ ჩვენ მიზნად დავისახეთ ავტომატიზებულ პროგრამულ უზრუნველყოფაზე დაფუძნებული განწყობის ექსპერიმენტების ჩატარება სტატისტიკური ანალიზის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, რათა გადაგვემოწმებინა ქართველ მეცნიერთა კვლევებში აღმოჩენილი კანონზომიერებები ფიქსირებული განწყობის ცალკეულ ტიპებსა და პიროვნულ თავისებურებებს შორის. ფიქსირებული განწყობის ექსპერიმენტები ჩატარდა 171 კვლევის მონაწილეზე დ.უზნაძის კლასიკური მეთოდით, ვიზუალურ სფეროში სპეციალურად შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფისა და პასუხების ავტომატური დაფიქსირების მეთოდით. კვლევის მონაწილეები ავსებდნენ ასევე დიდი ხუთეულისა (NEO-FFI) და სპილბერგერის პიროვნული შფოთვის საზომი კითხვარების (STAI) ქართულ ვალიდირებულ ვერსიებს. დისპერსიული ანალიზის გამოყენებით დადასტურდა, რომ ფიქსირებული განწყობის სტატიკური განწყობის ტიპებს ნევროტიზმისა და პიროვნული შფოთვის უფრო მაღალი მახასიათებლები აქვთ, ვიდრე დინამიკურ ტიპებს; ხოლო პლასტიკური განწყობის ტიპებს ექსტრავერსიის უფრო მაღალი მახასიათებლები აქვთ, ვიდრე ფიქსირებული განწყობის ტლანქ ტიპებს. ლოჯისტიკური რეგრესიული ანალიზით დადასტურდა, რომ ნევროტიზმი წარმოადგენს ფიქსირებული განწყობის ჩაქრობის პროცესის დინამიკის, კერძოდ სტატიკურობა-დინამიკურობის პრედიქტორს.

Full Text
Published version (Free)

Talk to us

Join us for a 30 min session where you can share your feedback and ask us any queries you have

Schedule a call